ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია – კობახიძე სააკაშვილზე

“ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია” –  ასე აფასებს, მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართვას სასამართლო პროცესზე.

“დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან, რომლებიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ და ეს იყო 2 დღით ადრე გადაღებული კადრები.”- ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით სააკაშვილი იმყოფება “შერჩევით” კვებაზე და გაკეთებული აქვს კუჭის ოპერაცია, “რამაც ასევე გამოიწვია წონის კლება.”

“ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია ასევე წონაში კლება. ეს არის ერთადერთი რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ვიზუალიდან. დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერც ერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს არის ცალსახა სიმულაცია და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ მათ შორის დღეს სატელევიზიო ეთერში.”- განაცხადა კობახიძემ.