“ეს ნიშნავს აგრესორის მხარეს დგომას“–იან კელი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ამერიკელი დიპლომატი, აშშ–ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება, აგრესორის მხარეს დგომას უწოდებს. იან კელიმ ტვიტერზე გააზიარა ღარიბაშვილის ციტატა და ეს კომენტარი დაწერა:

“ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს აგრესორის მხარეს დგომას მათ წინააღმდეგ, ვინც თავისუფლების გამო საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ.

ირაკლი ღარიბაშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას “ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით” ხნის.

“როგორც პრემიერ-მინისტრმა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი, რომ მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას – მე ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა. მან ამ საკითხზე მედიასთან შესაბამისი კითხვის გარეშე, თავის ინიციატივით ისაუბრა.