“ეს სრული უაზრობაა“– გერმანელები თვლიან, რომ ქუჩების მორეცხვას კორონავირუსთან საბრძოლველად მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს

ბოლო დროს თბილისის და საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა დაიყო. თბილისის მერია  ამას “კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესს “უწოდებს. რამდენად გონივრულია ქუჩების სავალი ნაწილის თუ ტროტუარების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა და რამდენად გამართლებულია ეს ხარჯები? ქუჩების დეზინფექციას კორონავირუსის გავრცელების შემდეგ  თავდაპირველად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც აკეთებდნენ,  თუმცა ბოლო დროს მსგავს პროცედურას ნაკლებად შეხვდებით, რადგან დღეს მსოფლიომ ბევრად მეტი იცის ვირუსის შესახებ, ვიდრე თავიდან და ქუჩების მორეცხვის აბსურდულობაც დადგენილია. მაგალითად, ქუჩების დეზინფექცია კორონავირუსთან საბრძოლველად არასოდეს ჩაუტარებიათ გერმანიაში, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ერთ–ერთი მოწინავეა. ეს ქვეყანა პირველი დღიდან მიზანდასახულად ებრძვის ეპიდემიას ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებით, შეზღუდვის ზომებით, მასობრივი ტესტირებით, პარალელურად მუდმივი კვლევებით და წარმატებასაც აღწევს. მას ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

გერმანია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე უკვე წარმატებით კონტროლდება და იმართება. ამის დასტურია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ კვირის თითოეულ დღეს უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლად ინფიცირებული პაციენტების რიცხვი.4 მაისიდან გერმანია ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას,

პროფესორი კრისტიან დროსტენი ბერლინის შარიტესთან არსებული ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც გერმანიაში ყველაზე ავტორიტეტული ვირუსოლოგია, კოვიდ-19 ბრძოლის საკითხში გერმანიის მთავრობის ერთერ-ერთი მრჩეველია და  ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტია არა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით.

ის ამბობს, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტებით არის მოტივირებული, როდესაც სატვირთო მანქანები ქუჩაში სადეზინფექციო საშუალებებს აფრქვევენ, რადგან ადამიანები სასოწარკვეთილი ცდილობენ რაიმე ფორმით მაინც შებრძოლონ ეპიდემიის გავრცელებას.

გერმანიის სამხრეთ–დასავლეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, SWR–ის სამეცნიერო გამოცემა კი ქუჩების დეზინფექციას მასალას უძღვნის, რომელშიც გამოცემის– SWR SCIENCE–ის რედაქტორი, ანა ბრაუნი საუბრობს, რამდენად აზრიანია კორონავირუსთან საბრძოლველად ქუჩების დეზინფექცია:

“კონკრეტულად რას შეიცავს ეს სითხე, რომელსაც ცარიელ ქუჩებში აფრქვევენ:

ასეთ დრის ხშირად გამოიყენება ოქსიდანტები – მაგალითად, გაზავებული წყალბადის ზეჟანგი, რომელიც სწრაფად იშლება გარემოში, ან ძმარმჟავა. ამ საშუალებებს ჩვეულებრივ, იყენებენ სასმელი წყლის გამწმენდ სისტემებში და შესაბამისად ისინი უვნებელნი არიან.

იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში  ქუჩების დეზინფექციის მიზნით და ვირუსის გასაუვნებელყოფად ქუჩებსა და მოედნებზე ქლორიანი ნაზავიც კი გამოიყენეს, თუმცა  ესეც მეტწილად უვნებელია როგორც ადამიანებისათვის, ასევე ბუნებისთვის.

გერმანია  ვირუსის გავრცელებისთან ბრძოლის სხვა ზომებს ეყრდნობა .

აქედან ბუნებრივია შეკითხვა:

აქვს თუ არა საერთოდ  აზრი ქუჩებისა და შენობების ფასადების დეზინფექციას:

გერმანელი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სრული უაზრობაა. ვირუსის გავრცელება   ხდება ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე. თავად ვირუსი  კი დიდხანს გარემოში ვერ ძლებს. არსებობს კვლევები ვირუსის სიცოცხლის უნარიანობის  ვადებზე მაგრამ ლაბორატორიულ პირობებში. თავისთავად ცხადია, ასეთ პირობებში იგი უფრო მეტხანს ინარჩუნებს სიცოცხლის უნარიანობას, ვიდრე ღია სივრცეში, ჰაერში, მზეში, ქარში ან წვიმაში. ასეთ პირობებში ახალი ტიპის კორონა-ვირუსს დაავადების გამოწვევისათვის საჭირო აქტიურობის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი აქვს.

ცნობილია, რომ ვირუსი ასევე გადადის კანთან კონტაქტით. ასეთი რამ ქუჩასა და საზოგადოებრივ ადგილებში ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია და მაშინაც კი, თუკი იგი ადამიანის ხელზე მოხვდება, ვირუსების რაოდენობა ჩვეულებრივ იმდენად მცირეა, რომ მათ არ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს თეორიული რისკი, მაგრამ ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

ჰიგიენოლოგების აზრით, უფრო გონივრული იქნება დეზინფექცია ისეთ  ადგილებში ჩატარდეს, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება. მაგალითად ბარებში,  ავტობუსებში, მატარებლის სადგურებსა თუ მოსაცდელ ოთახებში. ასევე აზრიანია  კარის სახელურების ან ლიფტების ღილაკების დეზინფექცირება.

მაშინ რატომ აფრქვევენ ასე უხვად ამ ხსნარებს:

ეს ნამდვილად ერთგვარი აქციონიზმია – ამით  სახელმწიფოები ცდილობენ ადამიანებს დაანახონ, რომ რაღაცას აკეთებენ კორონას წინააღმდეგ ბრძოლაში. სამხრეთ კორეაში ხელისუფლებამ თქვა, რომ ზომები მიიღება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავი უფრო დაცულად იგრძნონო.

ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს პანდემიის სტანდარტული რეპერტუარის ნაწილი. თუმცა ძალა და ენერგია შეიძლება უფრო გონივრულად იქნას გამოყენებული, მაგალითად ჯანმრთელობის სისტემის მხარდასაჭერად.“– წერს გამოცემა.