ეს ღირდა ამ ბინის საფასურად?! განა რას ითხოვდა საწყალი?! – გარდაცვლილი დევნილის და

გუშინ, სანატორიუმ “ქართლის” შენობასთან გარდაცვლილი დევნილის და ამბობს, რომ მისი ძმის გარდაცვალება ხელისუფლების მიერ უყურადღებობამ გამოიწვია. მისივე თქმით, მამაკაცი არაადეკვატური არ ყოფილა.

“ვითხოვდით ბინას, კუთვნილ ბინას, რომელიც გვეკუთვნის. 2 თვეა ასე ვწანწალებთ და ვიქცევით. არავინ არ მოგვაქცია ყურადღება არც მთავრობამ, არც აფხაზეთის მთავრობამ. არცერთმა ყური არ გვიგდო. აი შედეგიც, ეს ღირდა ამ ბინის საფასურად?! ღირდა?! განა რას ითხოვდა საწყალი?! როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო, არ ყოფილა ასეთი”,– ამბობს გარდაცვლილი და მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.