“ეს ძალიან სერიოზული საკითხია.შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“–ევროკავშირის რეაქცია სუსიდან გაჟონილ ფარულ ჩანაწერებზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწის პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია სავარაუდოდ სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომლებიც ქართულმა მედიამ გაასაჯაროვა.

რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.

„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში.

ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“, – განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.

ქართული მედია უკვე მეხუთე დღეა აქვეყნებს დაშიფრულ ფაილებს, რომელიც ანონიმმა ინტერნეტ სივრცეში 12 სექტემბერს ღამით ატვირთა. გასაჯაროებულია ათასობით ფაილი, რომლებიც სუსის კრებსებს, აუდიო და ვიდეო მასალებს, დოსიეებს და ანალიზს შეიცავს. ჩანაწერები ძირითადად სასულიერო პირების თვალთვალს ეხება და ადასტურებს, რომ სუსი წლების მანძილზე უთვალთვალებს ათასობით ადამიანს, მათ შორის სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებშია სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები, რაც წლების მანძილზე სუსში არქივდებოდა.

ფაილები შეიცავს საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ისრაელის ელჩების, ასევე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს.

სუს-ის სავარაუდო ფარული მიყურადების გზით მოპოვებული მასალების მედიით გავრცელების შესახებ, ინფორმაცია ბრიუსელს ევროკავშირის საელჩომ მალევე აცნობა.

მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების შინაარსის შესახებ, პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.