“ეფესბე“ ყირიმის ხიდზე აფეთქებული მანქანის მარშრუტში მონაწილეებს ასახელებს, მათ შორის ქართველებს

რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილე რვა პირი დააკავა, ექედან 5 რუსეთის მოქალაქეა, სამი კი უკრაინის და სომხეთის. “ეფესბე“ ამტკიცებს, რომ  ხიდის აფეთქებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სპეციალური სამმართველო და მისი უფროსი კირილ ბუდანოვი მონაწილეობდნენ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და სამშენებლო პოლიეთილენის ფირის ხვეულებში დამალეს, 22 პალეტში, რომელთა საერთო წონა   22 770 კილოგრამი იყო.   აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი ოდესის პორტიდან   ბულგარეთის ქალაქ რუსეში გაგზავნეს კონტრაქტით  № 02/08/2022, უკრაინული კომპანია ტრანსლოჯისტიკსა და ბულგარულ კომპანია Baltex Capital S.A.–ს შორის. ბულგარეთიდან ტვირთი საქართველოში, ფოთის პორტში გადაიტანეს, შემდეგ კი სომხეთში.

რუსული მედიის ინფორმაციით ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები, მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, სოლომკო რომანი, საქართველოს მოქალაქეები: სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება EAEU-ს (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) წესებით განხორციელდა და საბუთები შეიცვალა. ახლა გამგზავნი არის შპს „GU AR GROUP“ (სომხეთი, ალავერდი), მიმღები კი შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადატვირთეს.

7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რ.სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.

ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.”- წერს რუსული მედია “ეფესბეზე“ დაყრდნობით.

“ეფესბეს“ ბრალდებას უპასუხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა.

“ეფესბეს და მთელი მათი საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობა სისულელეა. ისინი პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომაც მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ჩვენ არ გავაკეთებთ. გასაოცარია, რომ ყირიმის ხიდის რაიონში ჯერ არ უპოვნიათ რამე “სავიზიტო ბარათი“– განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსამსახურის უფროსმა ანდრეი იუსოვმა.