ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება – გომელაური შაქარაშვილის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

შს მინისტრი აცხადებს, რომ გამოძიებაში ჩართულია როგორც ბრალდების, ისე დაზარალებული მხარე და თუ რომელიმე მხარეს გამოძიებასთან რაიმე ბრალდება აქვს, შეუძლიათ პირდაპირ თქვან.

„გამოძიებაზე მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც არ არის მოსული. ჩართულები ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს ამ მიმართულებით წავედით და ისე, როგორც დაკავებულების ადვოკატები და დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექპერტიზის დასკვნას. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ყველა მიმართულებით, ჩართულები არიან ოჯახის ადვოკატები ორივე მხრიდან, თუ რამე ბრალდება აქვს სხვას შეუძლიათ გვითხრან პირდაპირ“,-აცხადებს ვახტანგ გომელაური.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.