ეჭვია, რომ ივანიშვილი უკრაინიდან მოპარული ხორბლის სქემაში მონაწილეობს – ხოშტარია

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს უკრაინიდან მოპარული ხორბლის სქემაში. მისი თქმით, ამას ადასტურებს ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბარი ხორბალთან დაკავშირებით, ასევე ალი უზდენოვის ვიზიტი თბილისში.

“7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის და მის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე ისაუბრა. კერძოდ, ვციტირებ „პუტინმა უკრაინიდან მარცვლეული მოიპარა და მას მხოლოდ ცალსახად პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს“, 8 მაისს უკვე ზელენსკიმ ისაუბრა, რომ მას არ სურს დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებენ პრორუსულ ქვეყნებს. 10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.

დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკავშირებით და ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. ალი უზდენოვი სასოფლო სამეურნეო ბიზნესში 2016 წლიდან ერთვება და ევტუშენკოვის სისტემის გადაწყვეტილებით, ისინი ქმნიან სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგ „სტეპს“. 2018 წელს „სტეპმა“, რომელიც სისტემის ნაწილია აზოვის ზღვაში მარცვლეულის პორტის მშენებლობა დაიწყო, ანუ ალი უზდენოვი და ევტუშენკოვი კონკრეტულად არიან ხორბლის ბიზნესში, არიან დიდი მასშტაბით და სხვათა შორის, ღარიბაშვილს წამოსცდა, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა და შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა.

საბოლოო ჯამში, იკვრება სურათი რომ მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ხორბლის სქემაში სანქციების თავიდან არიდების მცდელობებს და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სქემა არის ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის, შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი და არა ქართველი ხალხი. ამიტომ, პირიქით, ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დასაცავად, რომელიც არის აბსოლუტურად ერთსულოვანი უკრაინის მხარდაჭერაში, უნდა მოვითხოვოთ ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს სანქცირებული”, – თქვა ხოშტარიამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეული უკვე ხმელთაშუა ზღვაშია. მათი განმარტებით, მარცვლეულის სავარაუდო დანიშნულება სირიაა, საიდანაც მისი გადატანა შეიძლება მოხდეს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

მანამდე ვოლიდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ იცის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს ახორციელებენ მოპარული მარცვლეულის შესაძენად. მისი თქმით, თუ ეს ქვეყნები მარცვლეულს იყიდიან, უკრაინა მათ დაასახელებს.