ეჭვი მეპარება, რომ შევძლოთ არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზის შექმნა – მდინარაძე

,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეჭვი ეპარება, არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზის შექმნა მოესწროს.

,,შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე. მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ეს იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც ძალიან კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარების გარანტიას.

მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოთ მზად ვართ და ღია ვართ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.