ვარკეთილში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ვარკეთილში, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით,  მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, კორპუსს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.

ამ დროისათვის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ისევ ცდილობენ ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ცეცხლის ლოკალიზებას. ამ დროისათვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმრება სავარაუდოდ ნერვული სტრესის ფონზე, ერთ ქალს დასჭირდა.

ბაზრობის მოვაჭრეებისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. როგორც ისინი “მთავართან” საუბაშრი ამბობენ, წესრიგშია ყველანაირი გაყვანილობა და სადენები, გარდა ამისა ტერიტორიას ჰყავს დაცვაც. მათივე თქმით, ბაზარში დახლები საღამოს 9-ის ნახევრისთვის აალაგეს და ამის შემდეგ დაახლოებით ერთ საათში დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ბაზრობას ცეცხლი ეკიდა.

ვარკეთილში, შემთხვევის ადგილზე 21 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, რუსთავიდან და წყნეთიდან გამოძახებულია დამატებითი ბრიგადები.

ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია და მოვაჭრეებს, დახლებთან და მაღაზიებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. თუმცა ნაწილმა მათგანმა პრუდუქციის მცირე ნაწილის გამოტანა მაინც მოახრეხა.