ვასაძე გოლეთიანზე: არ გვინდა პოლიტიკურში გადასვლაო, ვეცი პატივი

პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ამბობს, რომ რიონის ხეობის მცველებთან აქციაზე არ ჩავიდა.

მისი განცხადებით, ვარლამ გოლეთიანს პატივი სცა, რადგან მას არ უნდა “პოლიტიკურში გადასვლა”.

“გრძელდება გადათხარა რიონის ხეობისა. პოლიციის კორდონები აჩოჩებენ ამ ჩვენს ოქროსავით ხალხს, რიონის ხეობის მცველებს… იყო ხელოვნური მცდელობები, დაგვაპირისპირონ მათ. აქვე ვადასტურებ, ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს და იმ ოქროსავით ხალხს, ვინც ამდენი თვეა, გმირულად იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

თქვა რა, ამ ოქროსავით კაცმა, ვარლამ გოლეთიანმა, ჩვენ არ გვინდაო პოლიტიკურში გადასვლაო, მე ვეცი პატივი მათ, როგორც ადამიანმა, რომელშიც დუღდა ეს გადაწყვეტილება, შევიდე, არ შევიდე ამ პოლიტიკაში და აღარ შევაწუხე ხალხი ჩემი იქ ჩასვლით, ვიღაცას არ ეფიქრა, რომ ჩამოვიდა და მათ გვერდზე გაიჯგიმაო… მე სხვა გზა ავირჩიე მათი მხარდაჭერისა და ახლაც ვამბობ, ერთ კვირაში ატარებენ ეს ოქრო ხალხი აქციას? ყველანი მივიდეთ იქ რიგით ჯარისკაცებად”,– თქვა ვასაძემ.