ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება

“ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება. ამის შესახებ, ჯანდაცვის, მინისტრის, მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაბუნიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ვაქცინაციის პროცესი, უსაფრთხოდ გაგრძელდეს, რადგან რეანიმაციული განყოფილება მრავალპროფილურ კლინიკებში აქვთ.

„ვაქცინაცია გაგრძელდება და ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გუშინ ექსპერტების რეკომენდაციით სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული პროცესი გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

გუშინ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ იმ რისკების გათვალსწინებით, რომ ანაფილაქციური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა ვაქცინაციის პროცესის მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელება. ამდენად, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიებში, ასევე სტაციონარებში არის, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის აქ არის კიდევ დამატებითი რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული“, – განაცხადა გაბუნიამ.