ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა – გაბუნია ბანერებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ეხმიანება ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებზე “სისხლიანი” ბანერების გადაკვრას და ამბობს, რომ ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა სხვა თემებით.

“ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერ სხვა, ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა — გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიკური და გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ცალსახაა. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობა.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ აზარალებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ეს საკითხი უკვე წამოწეული და დაწყებული”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

ცნობისთვის, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს 2 დღის წინ პოლიტიკური შინაარსის ბანერები გადააკრეს, რომელზე პასუხისმგებლობასაც არც ქართული ოცნება იღებს და არც სარეკლამო კომპანია “ალმა”.