პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა.
მისი თქმით, “მამების” მორალის კითხვა არ მუშაობს, ამიტომ მათ დადებითი სტიმულები უნდა შექმნან.
“სრულიად ცხადია, რომ ამას შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგები.
ნაცვლად იმისა, რომ რაღაც მოიფიქრონ და იმოქმედონ, ჩვენი “მამები” ძირითადად დაკავებული არიან წუწუნით და უხარისხო დაშინებით.
თქვე კაი ხალხო, ხომ ხედავთ, რომ მორალის კითხვა და შეშინება არ მუშაობს, რადგან თქვენ გაფლანგეთ და ქარს გაატანეთ მთელი ნდობა, რაც პირველ ეტაპზე, როგორც ჩანს შემთხვევით და დაუმსახურებლად მოგანიჭათ ხალხმა.
ახლა ერთადერთი გზაა დადებითი სტიმულები შექმნათ. სამკერდე ნიშანი მაინც გამოუშვით, რომელიც უფლებას აძლევს ვაქცინირებულ ადამიანს, მაგალითად გადაადგილდეს კომენდანტის საათის დროს, გადაადგილდეს პირბადის გარეშე (საკამათოა) და ა.შ. კერძო სექტორს შეუმსუბუქოთ სამუშაო პირობები, თუ ყველა თანამშრომელი აიცრება და კიდევ ათასი რამის მოფიქრება შეიძლება. იმოქმედეთ!…”,– წერს ხუხაშვილი Facebook–ზე.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთების მიმართ ქვეყანაში უპრეცედენტო პასიურობაა, რის გამოც, ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება.