ვაქცინა იქნება, თუმცა პრობლემა ერთ ან ორ თვეში არ გადაწყდება – გახარია

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ოცნების ფრაქციის წევრებთან სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს.

“ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ვაქცინა როგორც კი გამოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა, რისკები შევამციროთ. პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკები და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები – ხანდაზმულები და იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც წინა ფლანგზე უწევს ბრძოლა.

ამიტომ, ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას, როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინების შექმნის აუცილებლობის შეგრძნება და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია”,– თქვა გახარიამ.