ვაცნობიერებთ ესკალაციის რისკს. არ ვაპირებთ რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შესვლას–პენტაგონი

აშშ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ესკალაციის რისკებს, რომლებიც უკრაინაში ომს უკავშირდება, მათ შორის ბოლო  გადაწყვეტილებას უკრაინისთვის  HIMARS–ის ოთხი სარაკეტო სისტემის მიწოდების შესახებ– აცხადებს პენტაგონი.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადად თქვა, რომ არ ვაპირებთ პირდაპირ კონფლიქტში შესვლას რუსეთთან. არ ვართ დაინტერესებული, რომ უკრაინაში კონფლიქტი უფრო ფართომაშტაბიან კონფლიქტში ან მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, ამიტომაც გვახსოვს ამის შესახებ. მაგრამ, ამავე დროს, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება იმაზე, თუ რას გავაგზავნით ჩვენ უკრაინაში“– განაცხადა აშშ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ ჰალმა და ყველას შეახსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დაარწმუნა აშშ–ს პრეზიდენტი, რომ კონფლიქტის ესკალაციაზე არ წავა, თუ აშშ უკრაინას HIMARS–ის სისტემებს მიაწვდის.