ვევედროთ უფალს ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე – მეუფე შიო

„ვევედროთ უფალს, რომ მოგვეცეს ეს სინანული, რათა სიყვარულითა და ერთობით კვლავ მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად სიყვარულით შევხვდეთ და ვიზეიმოთ ეს დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხვასა და მოლოცვას.

თქვენ იცით, რომ მან ეს დღე დაადგინა, როგორც აფხაზეთის დღესასწაული, ვინაიდან წმინდა სვიმონ კანანელმა იქადაგა აფხაზეთში და არის განმანათლებელი ჩვენი ქვეყნისა და აფხაზეთისა. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენი ერი არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ჩვენს ქვეყანაში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. ვმადლობთ დღეს უფალს ამისთვის, ვინაიდან ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი აქვს და ჰქონდა საქართველოს; ეს არის უფლის სიტყვა, მისი ეკლესია და მადლი სულისა წმინდისა და როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“.

ხშირად ადამიანები ვფიქრობთ, თუ რა არის ეს გზა, რა არის ჭეშმარიტება, როგორი უნდა იყოს ცხოვრება? ამაზე პასუხია ის, რომ ჩვენი ვალი, მისია ქართველი ერისა – ეს არის ამ ჭეშმარიტების ერთგულება, ამ გზით სიარული, ამ ცხოვრების დაცვა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ვევედროთ წმინდა სვიმონ კანანელს, რომ შევძლოთ ამ სიწმინდის დაცვა და ამ გზით სიარული, ეს არის ჩვენი ერის გადარჩენის გზა.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ამ სიხარულთან და ზეიმთან ერთად გვაქვს მწუხარებაც, ვინაიდან ვიხსენებთ იმ დიდ ტრაგადიას, ძმათა მკვლელ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ჩავდივართ აფხაზეთში, რომ იქ ვიზეიმოთ ეს დღე წმინდა სვიმონ კანანელის საფლავთან აფხაზებთან, ჩვენს ძმებთან ერთად”, – აღნიშნა მეუფე შიომ.