ველოდი, იქნებოდა მოწოდება – „თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის” – ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ელოდა, რომ დღეს საპატრიარქო მრევლს, არამხოლოდ რისკჯგუფებს, არამედ ყველას მოუწოდებდა — ,,თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის”.

„მე ვისურვებდი და მოველოდი, რომ დღეს მოწოდება იქნებოდა ისეთივე, როგორსაც ჩემი კოლეგა ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს. ამ ჟამს, ამ მომენტში ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. საგანგებო მდგომარეობა გამოწვევაა ჯერჯერობით არნახული. „თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის”, – ამას ეუბნებიან ექიმები, ექთნები, პოლიციელები, ვისაც უწევთ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება”, – განაცხადა ზოიძემ.

დღეს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება, თუმცა მოქალაქეები დაიცავენ დისტანციას. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება რეკომენდაციები, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს. მან რისკჯგუფში მყოფ მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ტაძარში მისვლისგან.

პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.