ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ – ცქიტიშვილი რურუას განაჩენზე

ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება. ცქიტიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიზირებულობას გამორიცხავს.

“ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად. შესაბამისად, გვქონდა საშუალება, გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბატონ რურუას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ.

ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე    ანდრიუს კუბილიუსი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეომ გაფრხილების მიუხედავად, სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება.

აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.