ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს- HRC სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

“ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს”- ასე ეხმაურება, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და მედიის ინსტიტუტი, საქალაქო სასამართლოს მიერ, ტელეკომპანია „პირველში“ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. HRC-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე, ხაზგასმულია ჟურნალისტური წყაროს გაუთქმელობის უფლება.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, იმ ფონზე, როცა სრულად არის უგულვებელყოფილი თავად ჩანაწერის შინაარსი, რომელიც ასევე შეიცავს სისხლისამართლებრივი დევნის ნიშნებს და რომლის ფიგურანტი დღეს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები არიან, ცალსახად ტოვებს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის შთაბეჭდილებას. ეს კი, კიდევ უფრო აღრმავებს და აძლიერებს საზოგადოების სკეპტიციზმსა და უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი” –  ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველმა”  აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ირკვევა თუ როგორ  აგზავნიდა ბერა ივანიშვილი  ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში ბერას და მის ოჯახს  აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ.

აღნიშნული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, საქალაქო სასამართლომ  პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი “გამოიყენოს პროპორციული ზომები”.