ვერ დააკავებენ, მოუწევთ ენმ-ს ოფისის შტურმი – ბარამიძე ნიკა მელიაზე

მელიას ვერ დააკავებენ, ამის საშუალებას არ მივცემთ, მოუწევთ ენმ-ს ოფისის შტურმი”-  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, თუ პროკურატურა “ძალის გამოყენებით” დააპირებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას, ისინი ამის საშუალებას არ მისცემენ.

“ნიკა მელიას ვერ დააკავებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მოველოდით ამ გადაწყვეტილებას, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები, არამედ სხვა პარტიის წევრები და რიგითი ადამიანები, რომელთაც განცდა გაუჩნდათ პროტესტისა გავრილოვის აქ ჩამოთრევასთან დაკავშირებით. ყველა დღესაც ხედავს, რომ ნიკა მელიას კი არ იჭერენ მარტო, პოტენციურად ყველა მათგანს, ვინცა აღშფოთდა გავრილოვის აქ ჩამოსვლის გამო. აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც დააპირებს მოვიდეს აქ ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ცოცხალ-მკვდრად დავუდგეთ ნიკა მელიას წინ. თუ ისინი დააპირებენ, რომ ძალის გამოყენებით დააკავონ ნიკა მელია, დავუდგეთ წინ, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ. ამას გავაკეთებთ არა ძალადობრივი ფორმით, მშვიდობიანად. ოღონდ აქ იმდენი ხალხი იქნება და იმხელა წინააღმდეგობა იქნება მშვიდობიანი, მათ მოუწევთ, სპეცრაზმი იქნება, თუ რაც იქნება, ენმ-ს ოფისის შტურმი. რას გააკეთებენ, როგორ გააკეთებენ და ვის დაიჭერენ, ამას დავინახავთ”, – განაცხადა მან.