ვერ დავპირდებოდი ვერაფერს, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება – სუბარი აფრიკაზე

სამგორში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი აფრიკაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება  და აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ვერაფერს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

“მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, სადაც ცხოვრობენ, ბავშვებს ზრდიან, ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით. აქაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მაქვს 1 400 კვ.მ. შემოღობილი და ა.შ. ასეთ ადამიანს, ბოდიში, ყველას ვეუბნებოდი, რომ თბილისში ამის დაკანონებაში მოგეხმარებით. მინიმუმ საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას. ადამიანები, რომელთაც ბოლო 2-3 თვის წინ ააშენეს და აქვთ სხვა საცხოვრებელიც… ასეთ შემთხვევაში კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ”, – აცხადებს სუბარი.

ადგილობრივები, ვისაც დღეს აფრიკაში სახლები დაუნგრიეს, ამბობენ, რომ სოზარ სუბარი წინასაარჩევნოდ მათ სახლების დაკანონებას დაჰპირდა. 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, სუბარი ადგილობრივებს სწორედ სახლების დაკანონებაზე ესაუბრება.

დღეს აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს 20 სახლი დაუნგრიეს, დაკავებულია 10–მდე ადამიანი, ვინც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

ოპოზიცია ამ ფაქტს არაადამიანურს უწოდებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ შენობების დემონტაჟი