ვერ ვხედავთ რუსეთის ჯარების გაყვანას, მათ სტრატეგია შეცვალეს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა ვერ ხედავს რუსეთის განცხადებების რეალურ დადასტურებას გარკვეული რაიონებიდან ჯარების გაყვანის შესახებ.

„ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეცვალეს სტრატეგია და გეგმები. სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ომის შეჩერებას. შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. განსაკუთრებით მინდა შევეხო ჰუმანიტარულ მდგომარეობას – ყველაფერი ძალიან ცუდადაა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის დელეგაცია აგრძელებს  მოლაპარაკებებს რუსებთან, რაც მცირე ოპტიმიზმს იწვევს.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიციები და არ გვინდა კომპრომისზე წასვლა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დისკუსია, ჩვენი დელეგაცია კვირაში შვიდი დღე მუშაობს ვიდეოფორმატში. ცოტა ოპტიმიზმი მაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საუბარს“, – განაცხადა ერმაკმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება ბრძოლის გასაგრძელებას და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები აღჭურვილობით დაეხმარებიან.