“ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ტყვედ ჩავარდნილ ამერიკელებს სიკვდილით დასჯა არ ემუქრებათ“–პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ რუსების მიერ ტყვედ ჩაგდებულ ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც უკრაინულ არმიაში მოხალისეებად იბრძოდნენ, სიკვდილით დასჯა არ ემუქრებათ.

“ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ. ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული“–უთხრა მან ამერიკელ ტელეარხ MSNBC–ს.

პესკოვის თქმით, ამ ამერიკელებს არ აქვთ საერთო უკრაინულ არმიასთან და ამიტომ, მათზე არ ვრცელდება ჟენევის კონვენციის მოქმედება. ამავე ინტერვიუში პესკოვმა ამერიკელებს “იღბლის ჯარისკაცები“ უწოდა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

15 ივნისს ბრიტანულმა გაზეთმა ტელეგრაფმა დაწერა, რომ ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო, რომლებიც უკრაინულ არმიაში მოხალისეებად იბრძოდნენ, ხარკოვთან ტყვედ ჩავარდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა მოგვიანებით თქვა, რომ აშშ კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ ამერიკელებთან დაკავშირებით.

ამავე ინტერვიუში პუტინის პრესმდივანმა თქვა, რომ რუსეთი დასავლეთს არასოდეს აღარ ენდობა.