ვერ მოხდა მელიას ადვოკატების დაშვება პარლამენტში? – იოსელიანი ოხანაშვილს

“მე ვიცოდი, რომ ნიკა მელიას ადვოკატები უნდა დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომებს და არ მოვიდნენ, თუ ვერ მოხდა მათი შემოყვანა ან დაშვება პარლამენტში ამ სხდომაზე?”,– ჰკითხა მოქალაქეების ლიდერმა ლევან იოსელიანმა ანრი ოხანაშვილს.

ოხანაშვილის განმარტებით, ადვოკატებს ოფიციალურად პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

“ოფიციალურად კომიტეტს განცხადება ან მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებდნენ დასწრებას, მგონი მოსულებიც იყვნენ. ჩვენ სასამართლო აქ არ ვართ, რომ დაცვის და ბრალდების მხარეების მოვუსმინოთ, შემდეგ შევიდეთ სიღრმეებში და საქმის მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს უფლებამოსილებაში შეჭრას, რისი კომპეტენციაც და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩნია”,– უპასუხა ოხანაშვილმა ლევან იოსელიანს.

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მელიას საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ, ნიკა მელიას ადვოკატები არ შეუშვეს.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მათი დასწრება სავალდებულოა, რადგან მხარეს წარმოადგენენ.

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს, რის შემდეგაც პროკურატურა მის დაპატიმრებას შეძლებს.