ვთქვათ, საკონსტიტუციო ცვლილებები სატყუარაა, ერთხელ მოვიტყუოთ თავი საქართველოსთვის – იოსელიანი

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ოპოზიციას მოუწოდებს, საკონსტოტუციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტში შევიდნენ, მიუხედავად იმისა, თვლიან თუ არა მას სატყუარად.

“მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც დავაინიცირეთ, არის ერთგვარი სატყუარა. სატყუარას დავარქმევთ, თუ სხვა ეპითეტით შევამკობთ, მოდით, ეს ერთი წუთით გადავდოთ გვერდზე და დავფიქრდეთ, შედეგი რა იქნება.

ვთქვათ სატყუარაა, მოდით, საქართველოს და უკეთესი პოლიტიკური სისტემის გულისთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი – შემოვიდეთ, დავუჭიროთ მხარი დაბალ ბარიერს და მერე ისევ გააგრძელონ თავიანთი დღის წესრიგი, რაც აქვთ დაგეგმილი. თუ ის არის ტყუილი, რომ 5 პროცენტზე ნაკლებია 3 პროცენტი, მაშინ მე არ ვიცი, ამაზე პასუხი რა შეიძლება გავცე. კიდევ ერთხელ ვეუბნები, საქართველოს, უკეთესი მომავლის გულისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ვინც ამას თვლის სატყუარად, ერთხელ მოიტყუონ თავი, შემოვიდნენ დაუჭირონ მხარი და მერე გააგრძელონ იმ სიმართლით ცხოვრება, რაშიც არიან,”- განაცხადა იოსელიანმა.

დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ბარიერი 5%-დან 3%-მდე იწევს, ხოლო საპარლამენტო ფრაქციის შექმნა 4 ადამიანს შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება, ამჟამად კი საკანონმდებლო ორგანოში 96 დეპუტატია, შესაბამისად, ცვლილებების განსახორციელებლად დამატებით 17 ოპოზიციონერის შესვლაა საჭირო.