ვითხოვთ საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას – მშვენიერაძე

ვითხოვთ საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას – ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელსაც 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ხოლო კომისიაში არანაკლებ ნახევარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

“ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც დიდი ალბათობით ასევე შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის ღიად, პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს. ხოლო, ამ სიბინძურის ავტორებს, არაფრის არ შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი კანონი”, – ამბობს მშვენიერაძე.