ვინც 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოზე მივა, 2000 ლარით დაჯარიმდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვინც შეზღუდვის მიუხედავად, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოზე მივა, 2000 ლარით დაჯარიმდება.

უწყების ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

“2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები”,– აცხადებს შსს.