ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი – ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე

“ვინ თუ არა მე პირველ რიგში ვწუხვარ, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი”, – ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ივერი მელაშვილის დაკავებას.

“ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც პირადად და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ჩვენ ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანამშრომელია ამ გამოძიების პროცესში.

მე იმედი მაქვს, ყველა კითხვას, რაც მის მიმართ არსებობს, პასუხი გაეცემა. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის, რადგან 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს ვიცნობ. მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი სანამ არ დასრულდება, იყოს მათი უფლებები დაცული”, – ამბობს დავით ზალკალიანი.

გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”. მათ პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგენა.