ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე – კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს.

ორივე ცესკოს მოქმედი თანამშრომელია. გიორგი კალანდარიშვილი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, გიორგი სანტურიანი კი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებიც პროცესში მონაწილეობენ, კანდიდატები  ვერ სარგებლობენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

კომისიის ერთ-ერთი წევრი, საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სხვა კომისიის წევრებმა შერჩევის დროს ან დაბალი სტანდარტით იხელმძღვანელეს, ან წინასწარ იყვნენ ერთმანეთში შეთანხმებულები.

“პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ორ კანდიდატს საზოგადოებაში არ ექნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მე და ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან განსხვავებული პოზიციები დავწერეთ. ვფიქრობ, ამ გამოიყენეს ძალიან დაბალი სტანდარტი, ან იყო შეთანხმებული მოქმედება”. – ამბობს სიმონიშვილი.

რაც შეეხება კომისიის წევრობის 2 ვაკანტურ პოზიციას – სულ 5 კანდიდატი შეირჩა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.

პრეზიდენტი 2 კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს, შემდეგ, თუ პარლამენტი კანდიდატს სრული შემადგენლობით (2/3) შეარჩევს, ის 5 წლის ვადით დაინიშნება, სხვა შემთხვევაში კი პოსტს 6 თვით დაიკავებს.