ვისაც ზედმეტი დაგარიცხეს, მოიტანეთ ქვითრები ენმ-ს ოფისებში – ხაბეიშვილი

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ მოქალაქეებს, ვინც ფიქრობს, რომ “თელმიკომ” ზედმეტი თანხა დააკისრა, სთავაზობს, რომ ქვითრები მათ ოფისებში მიიტანონ და პარტია მათ ინტერესებს დაიცავს.

“მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ სემეკისთვის და არ გადმოუციათ ქვითრები ჩვენთვის, რომელსაც ჩვენ ვასაჩივრებთ. მიიტანეთ სემეკში განცხადებები, ქვითრები, ვისაც გაქვთ ინფორმაცია, რომ ზედმეტი დაგარიცხეს, იმიტომ, რომ ამ თანხების დაბრუნება უნდა მოხდეს თქვენზე, მოქალაქეებზე. თუ ვერ მიიტანთ სემეკში, შეგიძლიათ, მოიტანოთ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში კონკრეტული განცხადებები და ქვითრები და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ადვოკატირებას, იმ ნაძარცვის უკან ამოღებას, რომელზეც სემეკიც საუბრობს”,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, კომპანია ,,თელმიკომ’’ ხელისუფლებასთან – ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, კახი კალაძესთან და ნათია თურნავასთან ერთად გაძარცვა საქართველოს მოქალაქეები.

“საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რის შესახებაც ჩვენ 21 იანვარს მივმართეთ სემეკს, დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა – იძულებული გახდა ქართული ოცნება და სემეკი, მოეწვია სემეკის სხდომა და დაადასტურეს, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა კორუფციული დარიცხვების გამო”,– აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია კომპანია თელმიკოსა და თელასში შევა და მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შეისწავლის.

თელმიკოს და თელასის მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.​