ვისაც ძალაუფლება აქვს, სჯის მას, ვინც ოპონენტია – გიგა ბოკერია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმაზე

არავინ უნდა იყოს პოლიტიკურად დევნილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება, ეს უნდა დავასრულოთ, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმა.

„ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დავასრულოთ ეს ამბავი, როდესაც ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები მოცულები არიან იმით, რომ შეინარჩუნონ დღევანდელი ვითარება და არაფერი შეცვალონ. არის მეორე პოლიტიკური გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დიდი ნაწილი წარსულის მოლოდინით არის და კონტექსტი არის როდის დაბრუნდება, დაბრუნდება თუ არა. სააკაშვილი თავისი დაბრუნების გეგმებზე ლაპარაკობს, როდესაც უნდა ლაპარაკობდეს ქვეყნის ცვლილებების გეგმებზე ქვეყანაში, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“. ეს უნდა დავასრულოთ და რა თქმა უნდა, არავინ უნდა იყოს პოლიტიკურად დევნილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთს უნდა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, მეორეს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება. დაუსჯელი არავინ უნდა იყოს, მაგრამ აქ საუბარია პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, რაც ყველამ ვიცით, რომ ყველას მიმართ არის. კანონის უზენაესობაზე საუბარი არ არის არა მარტო ამ კონკრეტულ ფიგურასთან მიმართებაში, არამედ საერთოდ ივანიშვილის პირობებში. დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება მთელი ეს წლებია და რაც ივანიშვილმა კიდევ უფრო ახალ ხარისხში აიყვანა, კანონის უზენაესობა კი არ არის, არის ის, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის სჯის იმას, ვინც მისი ოპონენტია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.