ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ვის, რა თანამდებობაზე და რა წესით დანიშნავენ უკრაინაში, ეს უკრაინის საქმეა და არა ქართული პარტიების.
კახიძის თქმით, , „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისედაც არ გამოირჩეოდა უკრაინის მხარდაჭერით.
„პირიქით, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მოუწოდებდა დასავლეთს, რომ არ მიეცათ თავდაცვითი იარაღი უკრაინისათვის. ვერც იმას აცნობიერებდნენ, რომ უკრაინა და საქართველო არამხოლოდ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები არიან, არამედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არიან ერთ პაკეტში”, აცხადებს კახიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ისტერიკა ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა.
,,ზელენსკის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოჩინდა ის სრული ისტერიკა, რომელიც სჭირდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. საუბარი რაღაც დემარშებზე, ელჩების გამოწვევაზე, ეს იყო ძალიან სამარცხვინო ისტერიკა. რაც შეეხევა თვითონ გადაწყვეტილების შეფასებას, ვის დანიშნავენ, რომელ თანამდებობაზე, რა წესით და პროცედურით ეს არის ჩვენი მეგობარი უკრაინის საქმე, ეს არის მათი შიდა საქმე და არა აქაური პოლიტიკური პარტიების. მინდა, ჩვენს მეგობარ უკრაინას წარმატება და წინსვლა ვუსურო, როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური მიმართულებით“, – თქვა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.