ვის შეეძლება სამხედრო სამსახურის გადავადება – ცვლილება კანონში

პარლამენტმა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და აპლიკანტებს სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.

კანონპროექტში წერია, რომ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტის, აპლიკანტის (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს) სტატუსის მქონე პირს, გადაუვადდება სამხედრო სამსახური შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.

ამავე დროს, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი პროგრამის ფარგლებში და არა მრავალჯერადად.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება და არის 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქე, იძულებულია გადაიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის მოსაკრებელი, ხოლო თუ სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს მოსაკრებლის გადახდას, იძულებულია შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.