ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგები, რომ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუჩერდეს- ელისაშვილი

ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგები, რომ ნიკა მელიას ამ აბსურდული ბრალდების გამო უფლებამოსილება შეუჩერდეს, ამაზე მე და ლევანს თათბირიც არ გვჭირდება,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ღრმად ვარ დარწმუნებული და ხელის გულზე დევს, რომ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას ნიკა მელია 20 ივნისს არ ახდენდა. შესაბამისად, გადატრიალებაზე მის მიმართ წარდგენილი მუხლი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი. ეს არის ტყუილი და პოლიტიკური ბრალი. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე, ვფიქრობ ის, რომ “გირაოს არ გადავიხდი” არ არის სწორი პოზიცია, როცა ამბობს, რომ არ გადავიხდი და მზად ვარ ციხეში ჩავჯდე. ადამიანურადაც არ მემეტება ციხეში ჩასაჯდომად, მით უფრო, ამ მოტივით, რომ გირაოს არ გადაიხდის. ჩემზე რომ იყოს, თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა, მეგობრულად და ადამიანურად ვურჩევდი, მე მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ვურჩევდი, რომ გადაიხადოს ეს თანხა და გირაოს გადაუხდელობის გამო ციხეში არ წავიდეს. თუმცა მე მზად ვარ, რომ თავი არ დავზოგო, განსაკუთრებით ჩვენმა პარტიამ, კვალიფიციური იურისტიც გვყავს, რომ ეს ბრალი მოეხსნას და გაქარწყლდეს ის აბსურდული ბრალდება, რაც აქვს. მაშინ იყო სამარცხვინო პარლამენტის გადაწყვეტილება, როცა უფლებამოსილება შეუჩერეს და ახლაც თათბირიც კი არ გვჭირდება მე და ლევანს, აზრთა გაცვლა- გამოცვლაც კი არ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით, იმდენად ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინაადეგები, რომ ნიკა მელიას შეუჩერდეს ამ აბსურდული ბრალდების გამო უფლებამოსილება და ასევე, მოვუწოდებთ როგორც “ევროპელ სოციალისტებს”, ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომ ეს არ არის სწორი საქციელი და არ იქნება სწორი საქციელი არც პოლიტკურად, არც ადამიანურად, არც სამართლებრივად არ იქნება ეს გამართლებული,”- განაცხადა ელისაშვილმა.