ვმუშაობთ – გომელაური ბადრი ესებუაზე

“ვმუშაობთ”,– ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელთან, ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ კითხვას.

„კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვიხადო. წინაზეც იყო ეს შეკითხვა და ხედავთ, რომ ვმუშაობთ ამ თემაზე. მოხდა მისი ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და აკრძლული ნივთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი, ბადრი ესებუა შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს და პოლიციის მანქანით გაუშვეს. მას ამ დრომდე ვერ აკავებენ. პოლიციამ მისი ძმა 12 დეკემბერს დააკავა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.