ვპირდები, თუ მოვლენ კოალიციურ მთავრობაში, მიიღებენ სამოქალაქო ომს – ხოფერია ოპოზიციაზე

ქართული ოცნების მხარდამჭერი და პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ოპოზიციას პირდება, რომ თუ ისინი კოალიციურ მთავრობაში მოვლენ, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყება.

“მე, ხათუნა ხოფერია, ვაძლევ პირობას, რომ ისინი მიიღებენ სამოქალაქო ომს – ამის პირობას ვაძლევ. შეგიძლიათ, ჩანაწერი გააკეთოთ. იმ დღეს, როდესაც ისინი მოვლენ კოალიციით მთავრობაში, მე, ხათუნა ხოფერია, ვპირდები, რომ ჩემს ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო ომი”,- აცხადებს ხოფერია.

მისივე თქმით, ოპოზიცია ახალ თაობას განადგურებითა და გადაგვარებით ემუქრება.

“ძალა, რომელიც ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს ემუქრება განადგურებით, გადაგვარებით, იმ დოგმების შემოტანით, რომელიც გააჩნიათ დღეს მათ მფარველებს, როდესაც ამდენი წელი ქართული ეკლესიის დამხობით გვემუქრებოდნენ, იყო ქართული ეკლესიის გახლეჩვის მცდელობა. თავზე გვაჯდნენ წარმოუდგენელი ვიღაც ბაია პატარაიები, საოცარი სიტყვები მოდიოდა იქიდან. თუ ამაზე უნდა გაიზარდოს ჩემი შთამომავლობა და ისინი დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე”,- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს ნიცშე, მას კი ნათქვამი აქვს, რომ “თუ იცი რისთვის ცოცხლობ, არ არსებობს, რომ არ იცოდე, როგორ იცხოვრო”, ახლა ივანიშვილს აქვს გადასაწყვეტი, როგორ იცხოვროს.