ვწუხვარ ამ განცხადების გამო, არ ვიცი, რამ წამოაცდენინა – კორძაია ნათელაშვილზე

ოპოზიციის წევრი თამარ კორძაია ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომ ვინც ხმის სანაცვლოდ “კიტრს აიღებს, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება”. მან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შესთავაზა, ერთი არჩევნები “დაისვენონ” და მომავალი ხელისუფლება მათ აირჩიონ, ვისაც “არ უნდა საკუთარი ნამუსისა და ხმის გაყიდვა”.

კორძაიას თქმით, შალვა ნათელაშვილის ამ განცხადების გამო ძალიან წუხს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი ყველას უნდა ჰქონდეს.

“ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო. მე არ ვიცი, რამ წამოაცდენინა ბატონ შალვას ეს. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, რადგან ეს არის უთანასწორო დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანები არ ჰყავდეს, ეს არის პირველი. და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს კი არა, ყველას, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, სოციალური მდგომარეობის, აქვს ხმის მიცემის უფლება”,– აცხადებს თამარ კორძაია.

აღნიშნული განცხადება შალვა ნათელაშვილი გუშინ, TV პირველის ეთერში გააკეთა.

“ჩვენ ალბათ უნდა გავიდეთ იმ ზღვარზე, რომ ობიექტურად შევხედოთ, ვინ არის ქვეყანაში ამომრჩეველი. ახლა კიტრს რომ აიღებს კაცი, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება, სწორედ ამიტომ იყო, რომ მეოცე საუკუნეში ევროპაში, ბრიტანეთსა და ცილიზებულ სამყაროში ქონებრივი ცენზი არსებობდა არჩევნებში.

თუ ადამიანი ეგდო ბომჟად ქუჩაში, ის ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ქონდა რაღაც საარსებო საშუალება. იქნებ ამ სოციალურად დაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები, რა, ამათ კიტრი-კარტოფილისგან დავისვენოთ. არ მოვიდნენ, დაისვენონ და მოვიდნენ ის ხალხი, რომელსაც არ უნდა საკუთარი ნამუსისა და ხმის გაყიდვა და მათ აირჩიონ მომავალი ხელისუფლება”,– თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.