ზალკალიანი: ვესაუბრე უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას და შეშფოთება გამოვხატე

საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას ესაუბრა.

„მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ამასთან, გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ ვითარების დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე,” – წერს დავით ზალკალიანი Twitter–ზე.

მანამდე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და დაწერა: “რატომ დაგმობს სხვა შენს ოკუპაციას, თუკი შენ არ გმობ?”.

ხელისუფლება დუმილის გამო გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმაც. ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მორალურ ვალდებულებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭიროს.