ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ გორში ენმ-ს ოფისი თავად ენმ-მ დაარბია

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ არ გამორიცხავს, რომ გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა ოპოზიციის დაგეგმილი იყოს.

“პოზიცია როგორიც მანამდეც გვქონდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მე დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები დაადგენენ რაა და რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ჩვენი ხელწერა, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფების მიერ მოწყობილი, რომ გადაეფარათ ის უბედურება, რაც ხდებოდა პარლამენტთან და მის მისადგომებთან”, – თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.

ტელეწამყვანის კითხვაზე, ანუ ის არ გამორიცხავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ოფისი თავად დაამტვრია, ზარქუა ასე პასუხობს:

“შეგახსენებთ, ხურჩის ტერაქტის ავტორები არიან ახლა ოპოზიციაში. ხურჩის ტერაქტი გახსოვთ? რა იყო შინაარსი, როდესაც ხელისუფლება, რეჟიმი ტერაქტს უწყობდა საკუთარ მოსახლეობას. მე არაფერს გამოვრიცხავ, ახლა არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ეს ახლა ვინმე საღად მოაზროვნე შეიძლება იყოს, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის დაკვეთა ქართული ოცნების?”– განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, 2 მარტს საღამოს გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. ჩამსხვრეულია შენობის მინები და კარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისზე თავდასხმის საქმეზე, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– აცხადებს შსს.