ზელენსკის თქმით, მარიუპოლის მცველებს ქალაქის დატოვების უფლება მისცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან უკრაინელ სამხედროებს მარიუპოლის დატოვების უფლება მისცა, თუმცა მათ უარი თქვეს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ამ ბიჭებს ველაპარაკე [მარიუპოლის დამცველებს]. მე ვუთხარი: „ყველაფერი მესმის, ბიჭებო, აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ უნდა გახვიდეთ – და გრძნობთ, რომ ეს სწორია და შეგიძლიათ გადარჩეთ, მაშინ გააკეთეთ ეს. მე მესმის, როგორ გამოიყურება ეს სამხედროებისთვის.

მე მათ არჩევანის უფლება მივეცი. მათ თქვეს: „ჩვენ არ შეგვიძლია [ქალაქიდან გასვლა], აქ არიან დაჭრილები, დაჭრილებს არ დავტოვებთ“. მეტიც, თქვეს: “მკვდრებს არ მივატოვებთ“,– განაცხადა ზელენსკიმ Украинская правда–ცნობით.

მისივე თქმით, ქალაქში გვამები გზებზე და ტროტუარებზე აწყვია და მათ არავინ მარხავს.

“ჩვენი სამხედროები დახოცილი სამხედროების დატოვებისთვისაც არ არიან მზად. ასე რომ, ისინი იცავენ ქალაქს, იცავენ დაჭრილებს, იცავენ მიცვალებულებს, რომელთა დაკრძალვაც უნდათ“,– აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ინფორმაციით, მარიუპოლი ბლოკადაშია და იქ ჰუმანიტარული კატასტროფაა – დანაღმულია პორტი და ვერ შედის საკვები და მედიკამენტები.

“რუსი სამხედროები ესვრიან ავტობუსებს, რომლებსაც ეს ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ… რუსებმა გაიტაცეს ქალაქიდან 2000-ზე მეტი ბავშვი და მათი ადგილსამყოფელი არ ვიცით. საშინელება ხდება, ზრდილობიანი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ”,– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.