ზეწოლა არაა ჩვენი ხელწერა – გია ვოლსკი ISFED-ზე

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ხელისუფლებას ISFED–ზე ზეწოლა არ განუხორციელებია, რადგან ეს არ არის მათი “ხელწერა”.

„სამართლიანი არჩევნები“ არ არის ის სტრუქტურა, რომელზეც შეიძლება ზეწოლა განახორციელო , მეორე- ზეწოლა არაა ჩვენი ხელწერა. არსებობს ძალიან მკაცრი საერთაშორისო დაკვირვება ამ პროცესებზე და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობა, რომელიც ბოლო პერიოდში გალანძღული იყო ოპონენტების მიერ მხოლოდ იმისთვის, რომ ობიექტურ ვითარებას აშუქებენ.

ასე რომ, ვერც „სამართლიანი არჩევნების“ ეს შეცდომა – არ ვიცი, ეს სიტყვა ბრჭყალებში ვთქვა თუ ღიად და ვერც სხვა არგუმენტები ვერ გამოდგება იმისათვის, რათა თავი გაიმართლონ იმ რეალობის წინაშე, რასაც ჰქვია საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებული შეტევა, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ჩაიშალა რეალურად და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, თუნდაც, ამ უმძიმეს ვითარებაში, როცა კოვიდ პანდემია ჯერ დამარცხებული არ არის და ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული დარტყმები და ზარალი მიადგა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ISFED-მა არჩევნებიდან 41 დღის შემდეგ, 11 დეკემბერს გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, შიდა აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლით არა 45.8%, არამედ 47.6% აქვს.

ოპოზიცია სავარაუდო ზეწოლასა და მიყურადებაზე საუბრობს.