ზუგდიდში ვერა ქობალიას კანდიდატურა არ განიხილება, განიხილება მურთაზ ზოდელავა — დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად არა ვერა ქობალია, არამედ მურთაზ ზოდელავა განიხილება.

“ვერა არის ჩემი მეგობარი და მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია საქართველოში და არა მხოლოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ მქონდა ვერასთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის… ვისურვებდი რაღაც კონფიგურაციით, რომ ვერა ყოფილიყო ამ პოლიტიურ მოცემულობაში, მაგრამ ვერას კანდიდატურა დღეს ზუგდიდში არ იხილება. გვყავს რამდენიმე კანდიდატი, 2-3 შემიძლია გითხრათ. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება ძალიან აქტიურად, ეს არის ბატონი მურთაზ ზოდელავა”, — თქვა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.

მან დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა ბაღდათი-თერჯოლა-ზესტაფონი-ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში განიხილება. რაც შეეხება თელავს, აქ საბარია გიორგი ბოტკოველზე, რუსთავში — დავით კირკიტაძეზე, ხოლო საჩხერე-ჭიათურაში — გიორგი კაპანაძეზე. კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით კი ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ის “სამეგრელოს წიაღში მოიაზრება ყოველთვის”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენმ განიხილავს ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას კონკურენტი დაუყენოს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შეიძლება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია იყოს.