ზურაბიშვილი ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვის შესახებ ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისა და გაძლიერების შესახებ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, დიდი ყურადღება გაამახვილონ ავღანეთში ქალების უფლებებზე.

მოწოდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვასა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრის, კატრინ იაკობსდოტირის ინიციატივაა.

,,ჩვენ, ლიდერ ქალებს, გვინდა დავარწმუნოთ ავღანელი ქალები და გოგონები, რომ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გავაგრძელებთ მათი უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერას“, – ნათქვამია ქალი ლიდერების მოწოდებაში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დიდი ყურადღება გაამახვილონ იმ ადამიანების მდგომარეობასა და უფლებებზე, ვინც ამჟამად ავღანეთში ყველაზე დაუცველია.