თავდასხმის ობიექტი გახდა, სრულად პროპორციული სისტემა ჩემთვისაც პრიორიტეტულია – იაგო ხვიჩია ელისაშვილზე

“თავდასხმის ობიექტი გახდა, სრულად პროპორციული სისტემა ჩემთვისაც პრიორიტეტულია”- გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია, საარჩევნო სისტემის რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლის შესახებ ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ მოლაპარაკებებში მისთვის მნიშვნელოვან შეთავაზებებს გაუსვა ხაზი.

“ალეკო ელისაშვილი გახდა თავდასხმის ობიექტი დღეს, იმის გამო, რომ თქვა, რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი”,  ამბობს ხვიჩია, – “ჩვენ გირჩს გვინდოდა ის, რის გამოც მოხდა ამ ქვეყანაში 20 ივნისი. რის გამოც, ოპოზიციური ერთობა საერთოდ შედგა. ეს იყო სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით”.

“კამათი იყო იმაზე, არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, ხელახალი არჩევნები, თუ არსებობს ამისი საპირწონე მოთხოვნა.ჩვენ სულ გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო მთავარი საკითხი ელჩებთან, მოლაპარაკებების მაგიდაზე.პოლიტპატიმრებს თუ არ უშვებ, ესეიგი, თავად გინდა ჩიხში შეყვანა პროცესების. ეს საკითხი, თავისთავად ცხადია, იგულისხმება”, – ამბობს ხვიჩია და დასძენს, რომ პოლიტპატიმრებზე წერილობითი დანაპირების მიღება, როგორც წესი, სახელისუფლებო მხარისთვის მტკივნეულია ხოლმე, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს აღიარებას, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივით ჰყავს ადამიანები დაპატიმრებული.

გირჩის ლიდერი პირობას დებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს მის ნებისმიერ  პოზიციას საჯაროდ განმარტავს და გაახმოვანებს.

“გპირდებით, რომ ვიქნები ადეკვატური და ყველა ჩემს ქმედებას ავხსნი საჯაროდ და აბსოლუტურად არაფერს დაგიმალავთ, ეს შემიძლია გითხრათ”, – ამბობს ხვიჩია.