თავისუფლების ინსტიტუტი 3+3 პლატფორმის კონსტიტუციით აკრძალვას მოითხოვს.

ორგანიზაცია ”თავისუფლების ინსტიტუტი” 3+3 პლატფორმის კონსტიტუციით აკრძალვას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  აუცილებელია კონსტიტუციით აიკრძალოს ოკუპანტთან ერთად საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ჩართულობის გარეშე.

რუსეთის მზარდი რევიზიონიზმის პირობებში, კავკასიაში აშშ-სა და ევროპის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია არათუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც კი.

“3+3 გაერთიანებაში შესვლა იქნება დსთ-ში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩვენივე ხელით განხორციელებული ყველაზე დიდი დარტყმა.

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონსტიტუციით აიკრძალოს ოკუპანტთან ერთად საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობა ან მასთან სეპარატული მოლაპარაკებები ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ჩართულობის გარეშე.

ქართველმა ხალხმა მრავალგზის და მკაფიოდ გამოხატა ევროატალნტიკური ინტეგრაციის ურყევი ნება. 2017 წლის ცვლილებებით ეს ნება კონსტიტუციაშიც აისახა.

ჩვენი ინიციატივა სწორედ ამ კონსტიტუციური ნორმის შემდგომი განმტკიცებისა და ისტორიული არჩევანის დაცვისათვის არის საჭირო. დამატებითი კონსტიტუციურ გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სულ უფრო იზრდება დამღუპველ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩათრევისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის რისკები.

3+3-ის მსგავსი იდეა ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განიხილებოდა, კავკასიის უსაფრთხოების პლატფორმის სახელწოდებით. მაშინ დასავლეთის დახმარებით ამ ხაფანგს თავი ავარიდეთ, თუმცა ახლა იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

თითოეული ჩვენგანის ეროვნული ვალია წინ აღვუდგეთ ქვეყნის უსაფრთხოების ეგზისტენციურ საფრთხეს. მოვუწოდებთ ყველა თავისუფლებისმოყვარე მოქალაქესა და პროდასავლურ ძალას, გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსი საქართველოს მომავლის გადასარჩენად. უმოქმედობას ისტორია არ გვაპატიებს”. – აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტი.

3+3 პლატფორმა გულისხმობს ირანის, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაჯიანის თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.