თავს უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ თქვენზე დგას ეს სისტემა – გაბუნია სასწრაფოს თანამშრომლებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილიე, თამარ გაბუნია სასწრაფო დახმარების ექიმებს მიმართავს, რომ თავს გაუფრთხილდნენ, რადგან მათზე დგას სისტემა და თითოეული ინფიცირებული ექიმი საგანგაშო ნიშანია.

მისივე თქმით, ის, რომ ,,დაცვის საშუალებები გვაქვს, ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ, ვიყენებთ და მაინც არის დაინფიცირების შემთხვევები, ძალიან საყურადღებოა”.

,,თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანამ მოახერხა ეპიდემიის შეკავება და საკმაოდ დიდი წარმატებით. ახლა ჩვენ ვართ გარდატეხის პერიოდში, როცა უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ. ამ შემთხვევაში თითოეული თანამშრომელი, რომელიც სასწრაფო დახმარების სერვისში მუშაობს, არის პირველი ფრონტის წინა ხაზზე და პირველი შეტევა მოდის ამ თანამშრომლებზე. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ დაცული, იმისთვის რომ მოახერხოთ ჩვენი დაცვა ამ შემოტევისგან. ამრიგად ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები.

ის რომ პირადი დაცვის საშუალებები გვაქვს, ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ, ვიყენებთ და მაინც არის დაინფიცირების შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. თავს უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი არის ჩვენთვის საგანგაშო ნიშანი, იმენდად რამდენადაც ეს ნიშნავს დაცვის ხარისხს და ჩვენს პოტენციალს ეფექტური პასუხისთვის,” – განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავისურით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან, კლინიკის ექიმები, მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების ეს რიცხვი, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.