თალიბანის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – BBC

ავღანეთის დროებითი მთავრობის გამო თალიბანის ლიდერებს შორის კონფლიქტი მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას, BBC ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც  “თალიბანის” ერთ-ერთი მაღალი რანგის პირია.

მწვავე დაპირისპირება “თალიბანის” ერთ-ერთ დამფუძნებელ მოლა აბდულ ღანი ბარადარსა და დევნილთა საქმეების მინისტრი ხალილ რაჰმან ჰაყანისა და მის მომხრეებს შორის ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში მოხდა. ამბობენ, რომ ხმამაღალი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.ბარადარის უკმაყოფილების მიზეზი ავღანეთის ახალი მთავრობის სტრუქტურა გახდა. თუმცა ამტკიცებენ, რომ დაპირისპირების რეალური მიზეზი გახდა კამათი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს მიჩნეული თალიბანის გამარჯვების მთავარ შემქმნელად.  აბდულ ღანი ბარადარი დარწმუნებულია, რომ “თალიბანის” გამარჯვება დიპლომატიისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ხანგრძლივ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები.

მოლა აბდულ ღანი ბარადარი იყო “თალიბანის” პირველი ლიდერი, რომელმაც უშუალო კონტაქტი დაამყარა აშშ-ი პრეზიდენტთან, როდესაც ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს 2020 წელს. მანამდე ბარადარმა ხელი მოაწერა შეთანხმებას დოჰაში, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.