თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ამოღებულია თანამშრომლების კომპიუტერები

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ამოღებულია თანამშრომლების კომპიუტერები.  ჯერჯერობით უცნობია, მიაკვლიეს თუ არა მათ რაიმე მიმოწერას.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა კომპანია “ზეგის” დირექტორმა. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც მან მენეჯმენტს გასულ კვირას შეატყობინა.

თამარ კობერიძე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილი რიგითი პროგრამისტი იყო და ბექენდ დეველოფმენთზე მუშაობდა და ბოლო პერიოდში იგი თანამშრომლებიც სამსახურში ონლაინ დასწრების პროგრამაზე მუშაობდა, რადგან პანდემიის პერიოდში და მერეც თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურში არ დადიოდა.

კობერიძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება შეიძლება სამსახურეობრივ საქმიანობასთგან იყოს დაკავშირებული.

“ზეგის” დირექტორი ამტკიცებს, რომ იგი კონტაქტში იყო გაუჩინარებული თანამშრომლის ოჯახის წევრებთან და რჩევებსაც აძლევდა მათ, რომ ძიების დაჩქარების მიზნით მედიით გაშუქებულიყო ეს ამბავი, თუმცა გუშინ “მთავართან” საუბრისას ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა, რომ ოფისის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობასთან მას კონტაქტი არ ჰქონია.

ასევე ვრცელდება სატელეფონო მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია “ზეგიდან”  წასვლის შესახებ დირექტორთან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობას ითხოვს.

კომპანიაში რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავები შევიდნენ. სავარაუდოდ, კომპანიაში სამართალდამცავების შესვლის მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის გამოთქმული ეჭვი იყო, რომ ეს უბედური შემთხვევა, შესაძლოა, სამსახურიდან ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდეს.

თამარ ბაჩალეიშვილის მეორე სამსახური კი რეგისტრაციის მისამართზე არ იძებნება.

შეგახსენებთ,  18 ივლისს  გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით,  21 ივლისს, ოჯახის  ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას ოჯახი მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.