თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში 4 სახის მედიკამენტი ფიქსირდება, საიდანაც 1 ქართულ ბაზარზე არ იყიდება

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, მის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება.

ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს, რომლის ინფორმაციითაც, დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში მხოლოდ წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა ფიქსირდება.

„დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა.

შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა დასახელებულია 4 სახეობის პრეპარატი, მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.

შუალედური დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული,“ – ნათქვამია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.